თელავის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და უკანონო ქმედებები - არსებულ ვითარებაზე განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.
ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლება თელავში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ამის დასტურად ბოტკოველს თელავში ერთ-ერთი სასტუმროს დარბაზში "გაურკვეველი" ტრენინგი ჩატარება მოჰყავს, რომელსაც მისი თქმით, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ტრენინგს რუსთავის მერიის თანამშრომელი თამთა დოკვაძე ატარებდა, რომელსაც თან პერსონალური მონაცემების დასადგენად საჭირო დოკუმენტი ჰქონდა.
ბოტკოველი ამბობს, რომ ის ცესკოს თანამშრომლებსა და საარჩევნო კომისიის წევრებს არჩევნების გაყალბების გზებთან დაკავშირებით ატრენინგებდა.
„ტრენინგს ატარებდა ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს შეხება საარჩევნო პროცესთან . თამთა დოკვაძე ატარებდა გაურკვეველი სახის ტრენინგებს, რომელსაც პირდაპირ დავარქმევდით გაყალბების ტრენინგს. ისინი არ აპირებენ არჩევნების ჩატარებას, ისინი აპირებენ, გააყალბონ არჩევნები. ეს ფიქსირდება არაერთი ფაქტით, მას ჰქონდა ნივთი, რომელიც გამოიყენება პერსონალური მონაცემების მოსაპოვებლად და რომელიც რეგისტრირებულია რუსთავის მერიაზე და ქალბატონი თამთა დოკვაძე არის რუსთავის მერიის თანამშრომელი.
ამ პერსონალური მონაცემებზე დაშვების ბარათით იგი ცდილობდა გარკვეული მაქინაციები ეჩვენებინა მათთვის, თუ როგორ შეიძლება გაყალბდეს არჩევნები“-ამბობს ბოტკოველი.