ბიზნესმენის შვილის გატაცება - საქმის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ამ დრომდე კიდევ ეძებს დანაშაულებრივი დაჯგუფების არაერთ წევრს.
დღევანდელ პროცესზე პროკურორმა დაადასტურა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრთა ნაწილმა მოასწრო გაქცევა და სავარაუდოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან გადასულები.
პროკურორმა დაადასტურა ისიც, რომ ბიზნესმენის შვილის გატაცების სქემაში ჩართული იყვნენ აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები და ასევე, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძეს შვილის გათავისუფლების მიზნით 3 მილიონ ლარს სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან სთხოვდნენ.
ამ დროისთვის გამოძიება ეძებს რამდენიმე პირს, მათ შორის, ერთ ქალს, რომელმაც მუხიანში სახლი იქირავა და გატაცების დღეს სწორედ ის გავიდა კონტაქტზე დეკანოიძესთან. მან მიიყვანა გიორგი დეკანოიძე ნაქირავებ ბინაში და ამის შემდეგ უკვე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს.
ასევე საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიარაღებულები იყვნენ და ახდენდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას გატაცებულზე.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებს განცხადება არ გაუკეთებიათ.
საქალაქო სასამართლომ გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.