„საქართველოს ხელისუფლების პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ფორმატში,“ - ამ განცხადებით, დავით ზალკალიანი "ევროპული საქართველოს“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს ეხმაურება.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად წარადგინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ პოზიციებს ემთხვევა.
„ეს წიგნი არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი რაზეა საუბარი, თუმცა ერთი რამ შემიძლია ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ფორმატში. ქალბატონ სალომეს ბოლო განმარტებები არის სრულიად თანხვედრაში ამ პოზიციასთან და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია იყოს საერთაშორისო სამართალთან და ნორმებთან სრულ შესაბამისობაში და ყველა ჩვენი პროცესი, რაც დაწყებული გვაქვს, ყველა საერთაშორისო ფორმატში მეტყველებს იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ჩვენი სრული გაგება და მხარდაჭერა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„ევროპულმა საქართველომ“ დღეს ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად არის წარდგენილი.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები ოკუპანტს გამოყენებული აქვს იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა.