„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ხელისუფლების წევრების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, რომელიც ელიტურ კორუფციას ეხება.
საუბარია მინისტრების, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების სახელზე არსებულ უძრავ ქონებაზე, რომელიც მათ 2012 წლის შემდეგ შეიძინეს.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ არ დაინტერესებულა კონკრეტული პირების ქონებით. კახა კალაძე „რუსთავი 2“-ს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს "მატყუარას" უწოდებს.
„არ დავინტერესებულვარ ადამიანების შემოსავლებით და იმ ქონებით, რაც იმათ გააჩნიათ ან როდის ჰქონდათ... თქვენი ეთერით თუ იყო, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ტყუილი. თქვენ როგორ გიყუროთ, მატყუარა ტელევიზია ხართ და მთელი თქვენი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიძულვილზე, დაფუძნებულია ადამიანების შეურაცხყოფაზე,“ - განაცხადა კალაძემ.
სასახლეების ნაწილი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებზეა გაფორმებული, ნაწილი მათი ოჯახის წევრებზე, ნაწილი ნომინალურ მფლობელებზე, რომლებსაც სხვა არანაირი ქონება არ გააჩნიათ, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მაინც ხელისუფლებს წარმომადგენლებს უთმობენ საცხოვრებლად. თანამდებობის პირების ქონება კი დრამატულ ზრდას 2012 წლის შემდეგ იწყებს, ანუ მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა სახელისუფლებო სავარძლებში გადაინაცვლეს.