სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების წარმომადგენლების ქონების წარმომავლობით ინტერესდება. საქმე ეხება "რუსთავი2"-ის მიერ გასაჯაროებულ ფაქტებს, რომელიც მინისტრების და მმართველი გუნდის დეპუტატების ფეშენებელურ სახლებს ეხება, რომელიც მათ 2012 წლის შემდეგ შეიძინეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ სახეზეა სავარაუდო კორუფცია და თვლიან, რომ მთავრობის წევრებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების შემოსავლები საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაანალიზონ.
არასამთავრობო ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“ დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე დღევანდელ მდგომარეობას და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდთან ავლებს პარალელს. მისი განცხადებით, იმ დროსაც ჩინოვნიკებს პასუხს არავინ სთხოვდა.
„ფაქტობრივად, გამოდის, რომ როგორც მაგალითად, შეგუებულები ვიყავით იმასთან, რომ შევარდნაძის პერიოდის ჩინოვნიკები, რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ და პასუხს არ ითხოვდა, მოსახლეობა სრულად შეგუებული იყო, ადეკვატურ მოვლენად ჩამოყალიბდა იმ პერიოდში, დაახლოებით, ისეთ სურათს მივიღებთ. აქ ხდება არა მარტო მოქალაქეების უფლების იგნორირება, რომ მათ პასუხი მიიღონ თავიანთ შეკითხვაზე, არამედ სამართალწარმოების მიმართაც ჩნდება კითხვები, ანუ ამ ქვეყანაში პროკურატურა მუშაობს?“ - განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.
„ქართული ოცნების“ წევრების დეკლარაციის შემოწმებას და უზუსტობების გამოკვლევის საჭიროებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ერეკლე ურუშაძეც. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, ხომ არ ხდება მაღალჩინოსნების „უკანონო გამდიდრება“.
„თუ საჯარო ბიურო დაადგენს, რომ მათ ან დამალეს ეს ქონება ან შეიტანეს, მაგრამ მათი დეკლარირებული შემოსავლიდან გამომდინარე, მათ არ შეიძლება ასეთი ქონება ჰქონდეთ, ამ შემთხვევაში, ეს უკვე შეიძლება იოს მიმანიშნებელი დანაშაულის ან დანაშაულის დაფარვის მცდელობის და ამ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის ბიურომ უკვე უნდა გაუგზავნოს ეს ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს გამოძიებისთვის,“ - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.
სასახლეების ნაწილი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებზეა გაფორმებული, ნაწილი მათი ოჯახის წევრებზე, ნაწილი ნომინალურ მფლობელებზე, რომლებსაც სხვა არანაირი ქონება არ გააჩნიათ, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მაინც ხელისუფლებს წარმომადგენლებს უთმობენ საცხოვრებლად. თანამდებობის პირების ქონება კი დრამატულ ზრდას 2012 წლის შემდეგ იწყებს, ანუ მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა სახელისუფლებო სავარძლებში გადაინაცვლეს.