19 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის არჩევა, ეს იგივეა, რაც ჰააგაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა - სალომე სამადაშვილი

„ევროპული საქართველოს“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატები საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად წარადგინა. 

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუკი ქვეყნის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გახდება, ჰააგაში წარდგენილი მტკიცებულებები გაცილებით მნიშვნელოვან დატვირთვას მიიღებს.

გამომდინარე აქედან, სამადაშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემამდე კარგად უნდა დაფიქრდეს. 

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ალბათ ესმის, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი თავს მოგვახვევს სალომე ზურაბიშვილს როგორც უკვე ქვეყნის პრეზიდენტს, ამ მტკიცებულებებს, რაც წარდგენილია უკვე ჰააგაში, ეს მტკიცებულებები შეიძენს ბევრად უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას, იმიტომ რომ ეს არ იქნება ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის აზრი, ეს იქნება საქართველოს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის აზრი. სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქეს, რომელიც არჩევნებზე წავა 28 ოქტომბერს, უნდა დაფიქრდეს აძლევს თუ არა ხმას სალომე ზურაბიშვილს, საკუთარ თავს პირველ რიგში უნდა ჰკითხოს, არის თუ არა ის მზად საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება ჰააგის სასამართლოში, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა და შემოხაზვა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრის, ეს ფაქტიურად იგივეა, რაც ჰააგაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ დღეს ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად არის წარდგენილი.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები ოკუპანტს გამოყენებული აქვს იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები