19 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
„ქვეყანაში მიმდინარეობს ხელისუფლებისთვის ბრძოლა წესების გარეშე" - დავით უსუფაშვილი

„ქვეყანაში მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე ხელისუფლებისთვის, რომელსაც დიდი ხიფათი მოაქვს ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის,” - ეს განცხადება, "შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა. 

დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს მიმართა. უსუფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს საკუთარი სურვილით შეუერთდა, შესაბამისად ის პასუხისმგებელია ხელისუფლების ყველა ქმედებაზე.

დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში კრიზისი სუფევს, სალომე ზურაბიშვილმა კი უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას კრიზისიდან გამოსავლის კონკრეტულ გეგმა შესთავაზოს. 

„ქვეყანაში მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე ხელისუფლებისთვის, რომელსაც დიდი ხიფათი მოაქვს ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის. ამიტომ მმართველი გუნდი, მათ საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად ვალდებულია იფიქროს გამოსავალზე. მე მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, იზრუნოს იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა კრიზისიდან გამოსავლის კონკრეტულ გეგმა შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას, რომლის საყრდენი კომპონენტი უნდა იყოს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და ამით ერთპარტიული მმართველობის დასრულება საქართველოში,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ჯერ კიდევ შეუძლია მმართველ გუნდზე შესაბამისი გავლენა მოახდინოს. 

„მე მივმართავ პრეზიდენტობის კანდიდატს, ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს მმართველ გუნდზე, თავიდან ააცილოს ქვეყანას ის პრობლემები, რაც ელის თუ გაგრძელდება ასეთი ხისტი დაპირისპირება პოლიტიკურ გუნდებს შორის, თუ გაგრძელდება "ქართული ოცნების" სწრაფვა მონოპოლიის განმტკიცებისთვის ხელისუფლებაზე. მე მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს, გააკეთოს ეს 28 ოქტომბრამდე და ამით დაამტკიცოს, რომ "ქართულ ოცნებასთან" ალიანსი მას უნდოდა ქვეყნის სამსახურისთვის და არა საკუთარი გაპრეზიდენტებისთვის,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები