გლდანის ციხიდან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც მირზა სუბელიანი სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე საუბრობს და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს შიდა ქართლის მოსახლეობა კრიტიკულად აფასებს.
ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ მირზა სუბელიანი ხელისუფლებასთან გარიგებით მოქმედებდა.
„ორი აზრი არ არის, გარიგებულიც არის, ქრთამიც არის, ყველაფერი არის ჩაწყობილი, უსამართლობაა ქვეყანაზე,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
მოსახლეობა აუდიოჩანაწერის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ციხეში ხელისუფლებასთან გარიგების შემდეგ ჩაჯდა. სუბელიანი ასევე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე მოზარდები გაიტაცეს და სცემეს.
„რაც საჭიროა, იმას არ აკეთებენ იმიტომ, რომ იმას მფარველი ჰყავს ვიღაც დიდი და იმას მფარველობენ და ვისაც მფარველი არ ჰყავს დადის და ეძებს სიმართლეს... ხელისუფლება აფარებს ხელს მკვლელებს,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვს, რომ ეს საქმე გამოიძიოს და პარალელს სხვა გახმაურებულ საქმეებთან ავლებენ.
„რამდენია მაგისთანა რამე, რომ არ უნდათ და არ იძიებენ, რა ჟვანიაზე არ თქვეს, რომ მალე გამოვიძიებთო და ვერ გამოიძიეს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობას იმედი აღარ აქვს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელი დადგინდება.
„ამ ხნის განმავლობაში რადგანაც არ მოხდა დამნაშავე პირების დაჭერა და სამართალში მიცემა, ამის მერეც აღარ მოხდება ამის გამოძიება,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა ამბობს, რომ ამ აუდიოჩანაწერების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ჩანაწერის შინაარს უნდა მიაქციონ დიდი ყურადღება და არა იმას, თუ როგორ გავრცელდა ჩანაწერები.
„ეს არის ის, რაც საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ, არა იმაზე დაიწყონ ფიქრი და გამოძიება, თუ რამდენად სამართლებრივად გავრცელდა ეს ვიდეოები, არამედ შინაარსში უნდა გადავიდეს ხელისუფლება და იქ ნახსენებ საკმაოდ სკანდალურია ეს განცხადებები, რაც ამ ფარულ აუდიოჩანაწერებში გამოქვეყნდა და ხელისუფლება შინაარსზე უნდა გადავიდეს, იქ მოცემულ თითოეულ ეპიზოდზე უნდა დაიწყოს გამოძიება,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.