„თუ ვერ ერკვევა ამ საკითხში და ამ მკვლელობის საქმეში, საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა კომენტარი და აერიდებინა თავი, ის ჯობდა ყველაფერს,“- ასე უპასუხა შვილმოკლულმა მამამ, ზაზა სარალიძემ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოზარდების მკვლელობის შედარება სანდრო გირგვლიანის საქმესთან არ შეიძლება და ხელისუფლებას ბრალი არ მიუძღვის.
სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების ხელის დაფარებაში სახელმწიფო პირდაპირ არის ჩართული.
„მეორე რაც შეეხება, პარალელების გავლებას და უზნეო საქციელად რომ მოიხსენია, სამწუხაროდ, მე გირგვლიანის საქმეს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა. იქიდან გამომდინარე, როდესაც ხალხს პირდაპირ ატყუებს და თავისი თანაგუნდელების აზრები გადმოაფრქვია, მე ვიბრძვი იმ მკვლელების დასასჯელად, რომლებიც გარეთ დადიან და არა იმისთვის, რომ სასამართლომ რამდენი პირი მოუმატოს იმ პირებს და რამდენი დააკლოს. თავიდან იყო ბატონი სუბელიანი ამ საქმეში ჩართული, ვის გამოც გაყალბდა და ვისი დაკვეთითაც გაყალბდა ეს საქმე თავიდან ბოლომდე. საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ სახელმწიფო თავად ჩაერთო ამ გამყალბებლების გაპრავებასა და მკვლელების ხელის დაფარებაში. შოთაძემ პირდაპირ აღიარა თავისი დანაშაული თავისი გადადგომით,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.