19 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
აშშ-ს ელჩის კანდიდატურის შესაძლო დაბლოკვა - კობახიძე სპეკულაციებზე საუბრობს 

„ყველას ვურჩევ, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას, ბრიჯიტ ბრინკს ბლოკავს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, რომელ პირს მიავლენს ამა თუ იმ ქვეყანაში ელჩად.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ თითქმის 6 თვეა, რაც საქართველოში აშშ-ის ელჩი არ დაუმტკიცებიათ.

„ეს არის ამერიკის მხარის გადასაწყვეტი, რა თქმა უნდა ელჩის დანიშვნა. ჩვენ წარსულშიც გვახსოვს შემთხვევები, როდესაც რამდენიმე თვე დასჭირდა გადაწყვეტილების მიღებას, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა დიპლომატიურ ცხოვრებაში. არ არის ამაში არაფერი უცნაური და ყველას ვურჩევ, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა საქართველოში ამ დრომდე ვაკანტურია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატს ბლოკავს, რადგან ბიძინა ივანიშვილის ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დანიშვნას ეწინააღმდეგება.

ბრიჯიტ ბრინკი იყო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე 2011-2014 წლებში, რის შემდეგაც ის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები