„მე პირადად და ჩვენი პოლიტიკური ძალა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ არავინ არავის არ შეეხება მისი წარსული გამო, არავინ არავისზე შურს არ იძიებს მისი შეხედულებების გამო,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
დავით ბაქრაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"ალბათ, არავი ს აქვს კითხვა, რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ განვლილი 6 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილის გუნდმა ვერ მოახერხა ადამინების პრობლემების გადაწყვეტა, ვერ მოახერხა ქვეყნის წინ წაყვანა, იმ დაპირების შესრულება, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა. ქვეყანაში გაზრდილია სიღარიბე, ფასები, ადამიანებში არის უიმედობა. ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერაფერს გვპირდება ხვალინდელი დღის შესახებ. ეს ნიშნავს, მხოლოდ ერთს, გამოსავალი არის ერთი, ყველა მივიდეთ 28 ოქტომბერს არჩევნებზე, უარი ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“ და წინ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა,“- აღნიშნა ბაქრაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები, თუმცა ის დაპირისპირების გარეშე უნდა განხორციელდეს.
„ცვლილებები არ ნიშნავს არეულობას, სწორედ ეს უნდა დღევანდელ ხელისუფლებას, დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ცვლილებები ნიშნავს არეულობას, დაპირისპირებას და შურისძიებას, მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერ ცვლილება ამ ქვეყანაში იქნება მშვიდობიანი. მინდა მივმართო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, იმ ადამიანს, ვინც არ იცის, რომელ პარტიას მისცეს ხმა. მე მათ მინდა, ვუთხრა, თუ ეს არჩევნები იქნება მხოლოდ პარტიული არჩევნები, თუ ამ არჩევნებზე მხოლოდ პარტიების მხარდამჭერები მოვლენ, წააგებთ თქვენ, თითოეული ის ადამიანი, ვინც ელოდებით საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას, ვინც „ქართული ოცნების“ იმედი დაკარგეთ, ამიტომ უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე და შეცვალოთ ცხოვრება, არ შეგეშინდეთ ცვლილება. მე პირადად და ჩვენი პოლიტიკური ძალა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ არავინ არავის არ შეეხება მისი წარსული გამო, არავინ არავისზე შურს არ იძიებს მისი შეხედულებების გამო,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.