ზაზა სარალიძეს სოლიდარობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უცხადებენ. სამოქალაქო აქტივისტები სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მისი მხრიდან ძალადობა სამართალდამცავების ქმედებებმა გამოიწვია.
იურისტი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტი, ბაია პატარაია ამბობს, რომ სამართალდამცავები ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად არღვევენ კანონს.
„როცა ის კარავს შლიდა, პოლიციელი კანონიერ მოქმედებას არ ახორციელებდა და ამის იგნორირება არ შეიძლება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია... ძალიან ხშირად არღვევს ქართული პოლიცია ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებას,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.
აქციის მონაწილეების თქმით, სარალიძის მოქმედება გამოიწვია პოლიციის წამომადგენლების ქმედებებმა. ისინი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობა შსს-ს აკისრებენ და მინისტრს, გიორგი გახარიას განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებს აინტერესებთ რას ემსახურება სამინისტროს პოლიტიკა, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალონ.
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს. სარალიძე სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს და შსს-ს შენობაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.