19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
წინასაარჩევნო გარემო და არათანაბარი პირობები - პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან. ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპარლამენტის, და ევროსაბჭოს დამკვირვებლები დახურულ ფორმატში ისმენენ ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ.

დამკვირვებლები უკვე შეხვდნენ ხელისუფლების მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ასევე ოპოზიციის კანდიდატებს - გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძე, უსუფაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილ და კახა კუკავას.

შეხვედრების მთავარი თემა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებული დარღვევები და მთავარი გამოწვევები იყო.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის, თქმით, შეხვედრაზე არჩევნების მნიშვნელობასა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პრობლემურ საარჩევნო გარემოზე გაამახვილა ყურადღება შეხვედრის დროს შენების მოძრაობის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა, რაც მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელია.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია, გრიგოლ ვაშაძე, აცხადებს, რომ დარღვევებზე საუბრისას გაამახვილეს წინასაარჩევნოდ საპრეზიდენტო კანდიდატების არათანაბარ პირობებთან დაკავშირებით, მათ შორის, არათანაბარ დაფინანსებაზე. ვაშაძის თქმით, ბიზნესმენები დაშინებულები არიან, რომ მხარი დაუჭირონ ოპოზიციას.

შეხვედრის დროს არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა.

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე, ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზება და ივანიშვილის ფული, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ კანდიდატს ხმარდება, არის მთავარი გამოწვევა საპრეზიდენტო არჩევნებზე.

არაკონკურენტულ ფინანსურ რესურსებზე საუბრობს პარტია თავისუფალი საქართველოს  თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა. მისი თქმით, საარჩევნოდ პრობლემა არის ის, რომ საარჩევნო კომისიებში ხელისუფლებას უშიშროების ოფიცრები ჰყავთ ჩასმული.

დღის ამბები