19 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
"რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი და შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა" - კახა კალაძე "ომეგა ჯგუფის" მიერ მუშაობის განახლებას ეხმაურება

„დავალინება საბიუჯეტო, რაც ჰქონდა, კომპანიამ დაიწყო გადახდა. თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი და შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა,“ - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე, ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ მუშაობის განახლებას.

საქმე ეხება ომეგას თამბაქოს ქარხანას, რომელმაც 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ გვიან ღამით კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.

კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების გადახდა კომპანიამ უკვე დაიწყო. ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს.

„ჩვენთვის ბიზნესი არის მნიშვნელოვანი. ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქმნის ქვეყანაში კეთილდღეობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ასაქმებს ადამიანებს და ის მიდგომები, რომელიც აქვს ხელისუფლებას ბიზნესის მიმართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას,“ - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.  

დღის ამბები