19 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
„თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას, რაც მათ უპასუხისმგებლობას ადასტურებს" - გიგა ბოკერია გაერთიანებულ ოპოზიციას პასუხობს

„თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას,“ - ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში გაკეთებულ განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძის გასვლის შემთხვევაში, მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერენ.

ევროპული საქართველო გიორგი ვაშაძის კომენტარით უკმაყოფილოა. გიგა ბოკერიას თქმით, გრიგოლ ვაშაძე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას, იმას, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ მიღწეული და ხელმოწერილი მათ მიერ და იმას, რომ ეს ხალხი არანაირი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული სხვა ოპოზიციურ პარტიების ამომრჩევლები, მათი ლიდერებისგან განსხვავებით, გამოიჩენენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ძალიან საზიანო კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის, განცხადებას წინ უძღოდა გიგა ბოკერიას კითხვა, დაუჭერს თუ არა ძალა ერთობაშია არჩევნების მეორე ტურში მხარს დავით ბაქრაძეს.

 

 

დღის ამბები