„ეს არის აღიარება ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ახორციელებდა ზეწოლას მედიაზე და უკანონოდ ერეოდა ომეგას ბიზნეს საქმიანობაში,“ - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ომეგა ჯგუფის მიერ საქმიანობის გაგრძელებას.
საქმე ეხება ომეგას თამბაქოს ქარხანას, რომელმაც 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ გვიან ღამით კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.
ნიკა მელია ამბობს, რომ ივანიშვილს შეეშინდა იმ ჩანაწერის გავრცელების, სადაც სავარაუდოდ, ის და ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ. ნიკა მელია ამბობს, რომ სწორედ ამის გამო მისცა ნება ომეგა ჯგუფს საქმიანობის გაგრძელების.
„რაც ყველაზე მთავარია, როგორც ჩანს, ძალიან შეეშინდა იმ მთავარი აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა ბატონ ოქუაშვილთან და როგორც ჩანს, ამ ყველაფრის ერთად გათვალისწინების, პლუს, მთავარი, რისიც ეშინია, საზოგადოების ბიძინა ივანიშვილი გახდა იძულებული, რომ რეალურად ეს დალუქული საწარმო, ტელევიზია და ა.შ. მოსულიყო მუშა მდგომარეობაში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ გვიან ღამით კომპანიას, აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.
ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.