19 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
აქედან ცესკომდე არც ისე შორია, ხმებს არ მოვაპარინებთ - გაერთიანებული ოპოზიცია 

„სამი თვე გიმეორებდით ამას - ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ“- ეს იყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პირველი კომენტარი „Edison Research“-ის ეგზიტპოლების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი აუცილებლად დაიცავენ ყველა ხმას და „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის არც ერთ ხმას არ მოაპარინებენ.

„მმართველმა პარტიამ შესანიშნავად იცის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს დემოკრატიული ინსტრუმენტები, იმისათვის, რომ ხალხის ნება მივიტანოთ ხელისუფლებამდე.  მე პირადად გაძლევთ პირობას, რომ დავიცავ, ბოლო შესაძლებლობამდე ყველა ხმას. თუ ჰგონიათ, რომ მოვლენ დამელაპარაკებიან, გვიყიდიან, თანამდებობებს დაგვპირდებიან ძალიან ცდებიან.

აქვთ კატასტროფული შიში იმისა, რომ იციან, ჩვენ არ ვიყიდებით და ჩვენ, როგორც ეს მეზობელ სომხეთში მოხდა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, როგორც ეს საქართველოში მოხდა 2003 წელს, ჩვენ აუცილებლად  ვაიძულებთ მათ დათანხმდნენ იმ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო.

ცესკოს ვაფრთხილებ კიდევ ერთხელ, ძვირფასო კომისიის წევრებო, გახსოვდეთ, რომ არჩევნების გაყალბება ან გაყალბების მცდელობა არის სისხლის სამართლის დანაშაული ბიძინა ივანიშვილი თქვენ არ დაგიცავთ, ბიძინა ივანიშვილი დაიცავს მხოლოდ თავის თავს,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა წარმოადგინა ოქმი, სადაც კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია, გარდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლისა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მობილიზებულია არჩევნების ტოტალურად გასაყალბებლად, რასაც არ დაუშვებენ.

„ხელში მიჭირავს წინასწარ ხელმოწერილი ოქმის ერთ-ერთ უბანში, ყველა კომისიის წევრს აქვს ხელი მოწერილი, გარდა ჩვენი კომისიის წევრისა.ამზადებენ ასეთ გაყალბებას. არ გამოუვათ, რაც შეეხება სამომავლო გზებს, გითხრათ ბატონმა გრიგოლმა, რომ აქედან ცესკომდე არც ისე შორია.

აუცილებლად ამ გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე, არ დავთმობთ არც ერთ ხმას, არ გავაყალბებინებთ არცერთ ხმას.

ცესკოში მე პირადად ვარ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელი და ყველა ჩავერთვებით ამ პროცესში“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს,რომ ყველა უბანზე გაერთიანებულ ოპოზიციას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ და ხმებს ბოლომდე დაიცავენ.

„არც ერთ ხმას არ წავაღებინებთ, არცერთ ხმას არ გავაყალბებინებთ, იმიტომ რომ ეს ხმები ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა და ჩვენ ამ ხმებს დავიცავთ ბოლომდე“-ამბობს უდუმაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები