ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი ახალქალაქში. უბნების დახურვამდე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არაერთი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მოხდა ნინოწმინდის სოფელ მამწვარაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. აქ კომისიის თავმჯდომარე ბიულეტინებს საარჩევნო ყუთში ჰყრიდა, რაზეც კომისიის წევრმა წაასწრო.
„ადამიანმა მთხოვა და კონვერტი ურნაში ჩავაგდე. არც ის ვიცი კონვერტი დალუქული იყო თუ არა, არ ვიცი, არც ის ვიცი, ხმა ვის მისცა“-ამბობს კომისიის თავმჯდომარე. თუმცა კომისიის წევრი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ ისარგებლა, როცა დამკვირვებლები სასადილოდ გავიდნენ და მან ხმების მიცემა სხვების ნაცვლად დაიწყო.
„კურიერის“ კამერამ არაერთი დარღვევის ფაქტი გადაიღო. გარდა ამისა, "რუსთავი2" დაინტერესდა, ახალქალაქში ვის და რატომ უჭერდნენ მხარს ამომრჩევლები. ერთ-ერთ ამომრჩეველს არ დაუმალავს, რომ მან ხმა ქალ კანდიდატს მისცა, თუმცა მისი სახელი და გვარი არ იცოდა.
„იმ ქალს მივეცი ხმა სახელი არ მახსოვს, პროგრამას გავეცანი და მომეწონა,. ჩემს ცოლს სომხური პასპორტი აქვს , მინდა რომ ბინადრობის უფლება მისცენ საქართველოში,. აქ რომ იყო კანდიდატი ჩამოსული გვითხრა, რომ ჩვენი ოჯახი მოქალაქეობის აღებას შეძლებს რადგან წარმოშობით აქაურია“-ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.
ახალქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა კი სალომე ზურაბიშვილს ხმა იმიტომ მისცა, რომ გაუგო მას სომეხი ექიმი ჰყავს.
„ვიცი რომ ექიმი სომეხი ჰყავს, გაზეთში წავიკითხე პარიზის ექიმია თუ თბილისის არ ვიცი“-ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.