ოპოზიცია არჩევნების მეორე რაუნდისთვის აქტიურ სამზადისს იწყებს. გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტია უპრეცედენტო გაყალბებას გეგმავს და გამარჯვების ერთადერთი გზა ძალთა გაერთიანება და მაქსიმალური მობილიზებაა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ იქმნება ოპოზიციის ერთიანი საკოორდინაციო შტაბიც.
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის მზაობას გამოთქვამს.
„კარი ყველასთვის ღიაა და ყველა პოლიტიკურ ძალა, ვინც მზაობას გამოთქვამს ჩვენ ყველას შევხვდებით, ყველას დაველაპარაკებით, ყველასთან გვექნება კომუნიკაცია,“ - ამბობს ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ გაყალბების მცდელობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ოპოზიცია ამის თავიდან ასარიდებლად სრულ მობილიზებას მოახდენს.
„ქართული ოცნება ორჯერ მეტ გაყალბებას შეეცდება, ჩვენ სამჯერ მეტი მექანიზმები უნდა დავუპირისპიროთ იმას, რომ ეს გაყალბება მან ვერ შეძლოს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.