ახალქალაქში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზეც იმსჯელეს.
ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა, ქართულ ოცნებას მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სიმშვიდის შენარჩუნება აუცილებელია.
რატიანმა ხელისუფლებას რეალური სურათის აღქმისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გაანალიზოს, რომ პირველ ტურში ოპოზიციასთან დამარცხდა.
დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე, არჩევნების შეფასებისას გაკეთებული განცხადებების გამო, რა დროსაც ფოფხაძემ აღნიშნა, რომ, თუ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს, სამოქალაქო ომი დაიწყება.
„ახალქალაქში საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, შტაბი არის დარბეული და დაარბიეს ქართული ოცნების აქტივისტებმა და გვარებიც არის ცნობილი. ამ ფონზე ასევე უნდა ვთქვა, ჩვენი კოლეგის, ქართული ოცნების წარმომადგენლის, გედი ფოფხაძის, განცხადებები, რომ, თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, მაშინ ომი დაიწყება. უნდა გითხრათ, რომ პირველ რიგში, ეს აზიანებს ქვეყანას და ეს აზიანებს იმ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს," - განაცხადა რატიანმა.
ევროპული საქართველოს წევრის კრიტიკა მიუღებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ოპოზიცია ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულა.
„თქვენგან ვერ მივიღებ ახლა მაგ სწავლებას და ვის-ვის და ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ეშლება დემოკრატია იმიტომ, რომ ეს არჩევნებიც, მათ შორის, იყო უპრეცენდენტოდ დემოკრატიულად ჩატარებული. არაერთხელ მინახავს ოპოზიციის ძალიან ცრუ და არასწორი ბრალდებები... ეს არის დასადგენი, ვინ ვის დაესხა თავს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
ოპოზიციის ბრალდებები ასევე მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილისთვის. მან ევროპული საქართველოს წევრს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდი შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ დროს ის ხაშურში იმყოფებოდა, სადაც სპეცრაზმი იდგა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდა შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
„ამ ფაქტზეც შსს იქნება ისეთივე ობიექტური, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, ბუნებრივია, როგორი ნეიტრალურიც იყო სხვა ინციდენტებთან მიმართებით, არ აქვს მნიშვენლობა, თუ დანაშაულია, ვის მიერ არის ჩადენილი დანაშაული, აუცილებლად დადგება ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი ისევე, როგორც ასეთი იყო მიდგომა არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებთან მიმართებაში და ანალოგიური იყო მიდგომა წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ახალქალაქში ოპოზიციის სამ წევრს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.