ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბზე განხორციელებულ თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, ეხმაურება.
ანა ნაცვლიშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებმა დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩაიაროს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მოქმედების პარალელურად, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ინციდენტები და მათ გაეცეს შესაბამისი პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოუწოდოს თავის აქტივისტებს, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი მოქმედებებისგან. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში და ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუ ძალადობის ფონზე მოხდება კამპანიის გაგრძელება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ახალქალაქში ოპოზიციის სამ წევრს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.