პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს მდივანი, გიორგი კანდელაკი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე არჩევანის ეთერში საუბრობს.
გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა.
„ეს ადმინისტრაციული რესურსი არათუ შეირყა, ძალიან სერიოზულად შეტორტმანდა და მისი სრული მასშტაბით ამუშავება მეორე ტურზე ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდება და რაც უფრო მეტ სისულელეს იტყვიან ისინი, როგორც დღეს გავიგეთ მათი მხრიდან, მით უფრო კატასტროფულად დამარცხდებიან,“ - განაცხადა კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკის თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული იყო.
გიორგი კანდელაკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროპული საქართველო მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. კანდელაკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება არის საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს იქნება უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, მათ შორის იმ მემორანდუმიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ევროპის სახალხო პარტიასთან ერთად მოვაწერეთ, ჩვენს რესურსებს ავამუშავებთ, შევხვდებით ჩვენს აქტივს, მათთან მუშაობას გავმართავთ იმისთვის, რომ ეს ხმები და კიდევ უფრო მეტი მოვიყვანოთ მეორე ტურის დღეს და დავამარცხოთ ქართული ოცნება, სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.