ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზარალებულების გამოკითხვა გრძელდება. გამომძიებლები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში იმყოფებიან, რადგან დაშავებულები ისევ კლინიკაში რჩებიან.
ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი ბუბა შალამბერიძე ამბობს, რომ ოთხივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათი გამოკითხვა შესაძლებელია.
ადგილზე ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე მივიდა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას ნაცემია კიდევ ერთი პირი, რომელმაც მასზე თავდასხმის ფაქტი დამალა.
"ბატონი ჩომარიანია ნაცემი, ის ახლა იმყოფება ახალქალაქში. ჩვენი ინფორმაციით, მას აქვს ნეკნები დამტვრეული, იქიდან გამომდინარე, რომ ის დააშინეს და მასზე იყო ზეწოლა, დამალა ეს ფაქტი. მის ცემაში ჩვენი ინფორმაციით ასევე უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ენზელ მკოიანი.
ეს არის ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ჩვენ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია, ჩვენს საერთაშორისო კოლეგებს, რაც არ უნდა მალოთ და აშინოთ ეს ადამიანები, ჩვენ ყველაფერს დავადგენთ. ბატონ ჩომარიანს, რომელიც ახლა იმყოფება სახლში თმის ერთი ღერი არ ჩამოუვარდეს,"-ამბობს გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქმნის მსგავსი საქმეების გამოძიებაში, ახლა მიმდინარეობს მტკიცებულებების გაყალბება, რასაც პოლიცია ხელს არ უშლის.
შემთხვევა ახალქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე დაზიანებების გამო რეანომობილებით თბილისში გადმოიყვანეს.