სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ახალი სტრატეგია დღეს როსტომ მეფის სასახლეში შეიმუშავეს.
ცენტრალურ შტაბს ქვეყნის მასშტაბით პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, თბილისის შტაბს კი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს.
არჩევნების წაგებაზე პარტიის ლიდერს უმწვავესი რეაქცია ჰქონდათ, ივანიშვილის ხმამაღალი საუბარი და მუქარა მისივე თანაგუნდელების მისამართით დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს არ დაუდასტურებიათ, თუმცა ვერ დამალეს, რომ მათი ლიდერი კრიტიკული იყო.
წაგებულმა არჩევნებმა „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყოს. ორშაბათიდან პარტიის ყველა სახე ქუჩა-ქუჩა ივლის და ხალხის პრობლემებს მოისმენს.
ახალი სტრატეგიის თანახმად „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ ასეთი შეხვედრებით სალომე ზურაბიშვილისთვის მეორე ტურის მოსაგებად საჭირო ხმებს მოაგროვებს.
მმართველ პარტიაში უკვე აანონსებენ, რომ ცვლილებები განსაკუთრებით შეეხება პარტიის რეგიონულ ოფისებს. მიზეზი კი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დიდ ქალაქებში მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის დამაჯერებელი დამარცხებაა.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა, უცნობი დარჩა „ქართული ოცნების“ კანდიდატის პოზიცია.
როგორ მოახდენს მხარდამჭერების მობილიზებას ბოლო 3 კვირაში მმართველი პარტია, ეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ტურის კამპანიას დაიწყებს.