პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ზუგდიდის ყოფილი მერისა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა გოგიას დაკავების შესახებ ისაუბრა. მამუკა ბახტაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომხდარი შესაძლოა, კავშირში იყოს არჩევნების შედეგთან.
ბახტაძის თქმით, ეს საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა და გოგიას დაკავების გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს.
„არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ გამოძიება დამთავრდება, მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, მივცე სამართლებრივი შეფასება. გამოძიება დაწყებულია გაცილებით ადრე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ, გააკეთეს განცხადება, არჩევნებამდე გაცილებით ადრე. შესაბამისად, რა კავშირ შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან - არავითარი. ვადები შეიძლება ბევრ რაღაცას დაემთხვეს, შეიძლება არჩევნებს დაემთხვეს, შეიძლება სხვა რაღაც მნიშვნელოვან თარიღებს, მაგრამ დეზინფორმაციის გავრცელება ამასთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბის დეზინფორმაციას აწვდიან ჩვენს საზოგადოებას,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მათი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.