19 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
საზოგადოების წინააღმდეგ არ წავედით - "ქართული ოცნების" წევრები, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევაზე საუბრობენ

კანაფის კულტივაციის კანონპროეტის პარლამენტიდან გაწვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები კეთდება. დეპუტატების განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოების ნეგატიური განწყობა და შესაბამისი კონსესუსის არარსებობა გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მტკიცებით, კანონპროეტს შეეძლო მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებთან შესაბამისი კომუნიკაცია ვერ შედგა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პროექტის ძირითადი არსი სამედიცინო მიზნით, კანაფის პრეპარატების წარმოებაა.

„ქვეყნისთვის მილიარდი დოლარის შემოსავალზე იყო საუბარი, აქედან 20% მოხვდება ბიუჯეტში, 200 მილიონი თუ 300, ეს ყველაფერი საკანონმდებლო განხილვების თემა იქნებოდა. მე არ შემიძლია ვთქვა, 200 წლის შემდეგ რა მოხდება აქმ ქვეყანაში, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ხელისუფლება ამ კანონის განხილვას და მის ინიცირებას პარლამენტში აღარ აპირებს,“- განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილისა და ეკლესიისთვის კანონპროექტი მიუღებელი იყო, „ქართული ოცნება“ მოსახლეობის წინააღმდეგ არ წავიდა.  

„ჩვენ გვქონდა ჩვენი არგუმენტები, რატომაც იყო ეს პროექტი შემოტანილი, თუმცა როგორც ვნახეთ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, ასევე ეკლესიისთვის იყო მიუღებელი და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ არ წავიდეთ,“- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

 

დღის ამბები