19 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა რვა ქვეყანაში საქართველოს ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რვა ქვეყანაში - ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს ელჩები დანიშნა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამუნა ლილუაშვილი იქნება.

ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე იქნება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, საუდის არაბეთის სამეფოში კი ვახტანგ ჯაოშვილი იქნება, რომელიც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება მუშაობას.

უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე იქნება, ჩეხეთის რესპუბლიკაში კი - მარიამ რაქვიაშვილი.

იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე სურგულაძე დაინიშნა.

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე იქნება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი არჩილ კალანდია.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დღის ამბები