„მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის. ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემასა და გაჭირვებაზე ეფიქრათ, ისინი ფიქრობდნენ სასახლეების აშენებაზე, საკუთარი ჯიბის გასქელებაზე, საკუთარი პრობლემის მოგვარებაზე,’’ - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ქართული ოცნების მისამართით გააკეთა.
გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა ხელისუფლება აიძულა, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაეწყო.
ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად მმართველი გუნდი მოსახლეობას ტყუილ დაპირებებს აძლევს.
„გუშინ გავრცელდა ბატონი ბახტაძისგან, პრემიერისგან, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიღებენ. მათ, სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და, თურმე, ყოფილა ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ. ბატონი სერგეენკო ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, დახმარება არ შეუწყდებათ. წლებია, ამას ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვთ. ახლა, თურმე, აღმოჩნდა ბიუჯეტში თანხები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ბატონი აკაკი ზოიძე,რომელიც ამბობს, რომ შშმ პირებს სახელწმიფოს დახმარების პროგრამა 20149 წლიდან გაეზრდება, თურმე, ყოფილა ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შეიტანა, არცერთი ინიციატივა არ არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.