ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მასთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ღია წერილი გაავრცელა.
ზაზა სარალიძე ყოფილი პრემიერისგან ითხოვს, წარადგინოს ის მტკიცებულებები, რომელიც შვილმოკლული მამის ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორობას დაადასტურებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ღია მიმართვაში აღნიშნავს, რომ მის ფსიქოლოგიურ განადგურებას ცდილობენ.
„იმის მაგივრად, რომ მკვლელები პასუხისგებაში მისცენ, პირიქით, აქეთ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი განადგურება. მკვლელებს აღმოაჩნდა მაღალი თანამდებობის პირები დამცველებად და მათ პასუხისგებაში მიცემას ურჩევნიათ, ჩემზე მოიტანონ იერიში. ათასგვარ სიბინძურეს თხზავენ ჩემზე, უნდათ, რომ ფსიქოლოგიურად გამანადგურონ. ცდილობენ, ხალხს შეაზიზღონ ჩემი თავი და ამით მკვლელებზე იერიშს ანეიტრალებენ.
"პოლიტიკოსად მომნათლეთ თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ და ათასგვარ სიბინძურეში მძირავთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ ჩემი პოლიტიკა ჩემი ოჯახი იყო და სიბინძურეში მკვდარი აღარ იძირება. თქვენთვის ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რაიმე ამ ქვეყნად არ იყიდება. დიახ, ღარიბი ხალხის ღირსება არ იყიდება!
"ჩვენ ხომ საქართველოს უბრალო შვილები ვართ და თქვენ მთავრობის ელიტარული წარმომადგენლები.
"ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ღია წერილით და ვითხოვ იმის განმარტებას, რატომ მიმართავთ ჩემ წინააღმდეგ ცილისწამებას. ასევე წარმომიდგინეთ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ნაციონალურ მოძრაობაში ჩემს კოორდინატორობას.
"ასევე მოვითხოვ თქვენთან პირისპირ შეხვედრას, ადვოკატისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით. რადგან საქმე დაძაბულ ჭრილში გადავიდა, ჩემზე ასეთი ბინძური პიარკამპანია მიმდინარეობს და საზოგადოების დიდ ინტერესსაც იწვევს. შეხვედრაზე მე მზად ვარ მოგაწოდოთ ყველა კითხვაზე დეტალური განმარტება და იგივეს მოვითხოვ თქვენგან, დამისაბუთეთ თქვენს მიერვე გაჟღერებული ფაქტები,“ - წერს ზაზა სარალიძე.