თავდასხმა ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებზე - სასამართლო დღეს ინციდენტში ბრალდებული პირების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლო პროცესზე მისვლას არ აპირებს დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომლის ოჯახის სამი წევრი თავდასხმაში ბრალდებულია.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმისთვის ბრალი ხუთ პირს აქვს წარდგენილი, მათ შორის მკოიანის შვილს, ძმას და ბიძაშვილს. მათ წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.
მკოიანი ამბობს, რომ მხარეებს შორის კამათს მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება, რაც ახალგაზრდული ემოციების ბრალია.
მისივე განცხადებით, ახლა მთავარია, რომ ბრალდებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ, შემდეგ კი პროცესს დამოუკიდებელი სასამართლო მიხედავს.
"ბიჭებმა დაიწყეს პროკურატურასთან თანამშრომლობა. ყველას გვინდა რომ ეს საქმე მალე დასრულდეს რათა მეორე ტურზე ვიმუშაოთ. რაც მოხდა მოხდა, ახლა მთავარია სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანოს,"-განაცხადა მკოიანმა.
დეპუტატი გადაცემა P.S.-ში გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა, რომელიც ახალქალაქში მის კუთვნილ ბიზნესს და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ეხებოდა.
ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მისი ოჯახი 40 წელია ბიზნესით არის დაკავებული და მას უკანონო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
დეპუტატის განცხადებით, საჯარო უწყებები მისი კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურებიდან საწვავს მხოლოდ იმ მიზეზით ყიდულობენ, რომ მასთან საწვავი ბევრად უფრო იაფია.
"შექმნილ ვითარებას რაც შეეხება, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემს ავტორიტეტზე. 5-ჯერ ვიყავი არჩეული მაჟორიტარ დეპუტატად ამ რეგიონში. გუშინ რაღაც კადრები აჩვენეს და ხალხსაც არ მოეწონა. ეს იყო პირადული ამბავი, ჩემი ოჯახი ბიზნესით 40 წელია დაკავებული და ხალხს ეკითხებიან მკოიანთან რატომ ყიდულობთ ბენზინს, ისინი უხსნიან რომ იქ უფრო დაბალი ფასებია და ამიტომ. 4 დღის განმავლობაში მხოლოდ 4 ადამიანი იპოვეს, ვინც ჩვენზე ცუდი თქვა. ეს ცოტა ცუდი მომენტია, მაგრამ არაუშავს.
მთავარია ვიცით, რომ ხალხი ჩვენთანაა და ამას მეორე ტურში დავამტკიცებთ. რაც შეეხება აღკვეთს, სრულად ვენდობი პროკურატურას და ჩვენს ძალოვნებს, არ ვიცი რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას აირჩევენ,კარგი სპეციალისტები გვყავს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ,"-აცხადებს მკოიანი.