ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საარჩევნო კონსულტაციები გრძელდება. ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისი უკვე დატოვა.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ხვდებიან. შეხვედრები აქციის ფონზე მიმდინარეობს.
ქართული ოცნების ოფისთან საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს მიერ დაზარალებულები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილთან და პარტიის ლიდერებთან შეხვედრას ითხოვენ.
რაც შეეხება თავად პარტიაში მიმდინარე მოვლენებს, მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ახლა საჭიროა, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს ყველა, ვინც საკუთარ თავს რიგით ჯარისკაცად მოიაზრებს და ვინც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთვის იბრძოდა.
„ყოველგვარი ტყუილ-მართლის გარჩევის დრო არ არის. ახლა ვისაც სურვილი აქვს და ვისაც შეუძლია, რომ გარკვეული წყენები გვერდზე გადადოს და ასეთია უამრავი ხალხი, ყველა მოდის ისევ, რომ ის მონაპოვარი 2012 წლის არ დაიკარგოს და ის ფესვი გაძლიერდეს. ამაშია საქმე, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულად ჩრდილი მიადგა.
"აქ არ არის სახელობითი გამოძახება. აქ არის მოწოდება და ყველა დგება იქ, სადაც იდგა სწორედ მაშინ, როდესაც თავის ოჯახი და თავი გადადებული ჰქონდა.
ღარიბაშვილი, როდესაც გადადგა თანამდებობიდან მან თქვა, რომ მე ვრჩები ჯარისკაცად ქართული ოცნების და, თუ ის საჭიროდ ჩათვლის და ჩათვლის, ალბათ, საჭიროდ ყველა, რასაკვირველია, გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს,“ - ამბობს ნუკრი ქანთარია.
მმართველი პარტიის წევრებს არა აქვთ პასუხი, როდის და რა ფორმით ჩაერთვება თავად ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი საარჩევნო კამპანიაში.