„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ წარმომადგენლობითი მიზნებისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯა, ოპოზიცია ეხმაურება.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის გათვალისწინებით მმართველი გუნდის მხრიდან მილიონობით ლარის ხარჯვა არაადეკვატურია.
ოპოზიციის წარმომადგენლები წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის სახელმწიფო უწყებებს აკრიტიკებენ.
„როგორც მინიმუმ, 150 ათასი ბავშვი, რომელიც ყოველდღიურად შიმშილობს, ამ თანხით შეიძლება დაპურებული გვყოლოდა. შეგვეძლო ძალიან ბევრი გადაუდებელი საჭიროებები, ავადმყოფობები, საოპერაციო ხარჯები გაეწია სახელმწიფო ბიუჯეტს. აღარც პენსია იზრდება ქვეყანაში, შემწეობა უფრო და უფრო რთულია, ლარის კურსი ეცემა. ის, რაც აქვთ ადამიანებს, არაფერში აღარ ყოფნით. ეკონომიკა ქვემოთ მიდის. პირდაპირი ფორმულა - ეს არის აქსიომა, იზრდება ბიუროკრატიული და ფუფუნების ხარჯები, ნაკლებად იზრდება ეკონომიკა,“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გახარჯული თანხები შესაძლოა, სხვადასხვა სოციალური პროექტისთვის გამოყენებულიყო.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბიუროკრატია - მოიწყო თავისი კეთილდღეობა ხალხის ხარჯზე. ამ მასშტაბებში ხალხის ფულის პირდაპირი ფლანგვა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ და როდესაც ისინი კითხვას სვამენ, აბა როგორ გავარდოთ სოციალური დახმარება, პენსია, სწორედ ამას ვეუბნებით, რომ ამ თანხებს უნდა მოაკლდეს, რაზეც „გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაზე არის საუბარი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.