მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მეორე ტურში გამარჯვებისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, კონსულტაციებში ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობენ.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში, თანაც დამაჯერებლად.
„ტრადიციულად, ვაგრძელებთ პარტიულ მუშაობას, სადაც პარტიის ხელმძღვანელები და ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პარტიული სტრუქტურების, შეკრებილები არიან. მიდის ბჭობა, თუ როგორ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მეორე ტურში,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი დაინიშნება, მმართველი პარტია აქტიურად დაიწყებს მოქმედებას.
„მე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ როგორ ბიუროში მიღებას მოქალაქეების, ასევე უბანში შესწავლას იმ პრობლემების, რაც არის და მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ხიდი გამგეობასა და საზოგადოებას შორის,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
კონსულტაციებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ადასტურებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი.
„პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა, პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავედით აქტიურ ფაზაში კამპანიის. რეგიონებში, თბილისის მასშტაბით. ჩვენ არ დავტოვებთ სივრცეს, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და მათი კანდიდატი იაქტიურებს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული.
„ქალბატონი სალომე ახლაც არის აქტიურად ჩართული. ის თუ არ ვცდები, დღესაც აპირებს საკუთარი აქტივობის განხორციელებას. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ პრობლემა იყოს ქალბატონ სალომესთან ურთიერთობა,“ - აცხადებს გოგიჩაიშვილი.