19 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
ჭამა-სმაზე ხელისუფლებამ 50 მილიონი დახარჯა - "გამჭვირვალობა-საქართველომ" სახელმწიფო უწყებების დოკუმენტაცია შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სახელმწიფო უწყებებიდან დოკუმენტები გამოითხოვა და დაადგინა, რომ დღეში ხელისუფლება ჭამა-სმაზე ბიუჯეტიდან 27 ათას ლარს ხარჯავს. კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში მმართველმა გუნდმა რესტორნებსა და წვეულებებზე 49 მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის სადილზე მრავალფეროვანი მენიუ იყო წარდგენილი, მათ შორის იყო მუხუდოს და ზღვის ნობათის სალათი, თინუსის სალათი ნისუაზი, შემწვარი ქათმის ფილე ნაღებით და ქარის სოუსით, გამომცხვარი საქონლის ხორცი ღვინის სოუსით, ქართული და ინტერნაციონალური ყველის ნაკრები, შაშხის და ძეხვის ნაკრები.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამ გამოავლინა ხუთი უწყება, რომლის თანამშრომლებიც წარმომადგენლობითი მიზნებისთვის დახარჯული თანხებით ლიდერები არიან. პირველ ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია.

ოპოზიცია მონაცემებს კატასტროფულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, როდესაც ქვეყანაში ხალხი შიმშილობს, ხალხის ფულის ხარჯზე ჩინოვნიკები მდიდრულ წვეულებებს აწყობენ.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორის კვლევის შედეგებმა გააღიზიანა. კითხვას, რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტის ფული რესტორნებში, ჯანდაცვის მინისტრმა არ უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი ამბობს, რომ კვლევას არ იცნობს.

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია უწყების მხრიდან 2017 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების მატებას ადასტურებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, სამინისტროს ხარჯების გაწევა მოუწია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კვლევის ფარგლებში 142 სახელმწიფო უწყებას მიმართა, მათგან დოკუმენტები მხოლოდ 117-მა მიაწოდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები