ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ფულით ყველაფერი არ იყიდება. ასე შეაფასა 28 ოქტომბრის არჩევნები ლიტველმა პოლიტიკოსმა, რომელიც პროცესს თბილისში აკვირდებოდა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რასა იუკნევიჩენეს ინტერვიუ, რომელიც დილიდან პოლიტიკურ განხილვის მთავარი თემა გახდა, "კურიერმა" ჰელსინკში ჩაწერა.
ეს ინტერვიუ უკვე გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი. საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ევროპელი პარტნიორების მხრიდან უკვე ფასდება როგორც არადემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც გაყალბებისკენ არის მიმართული. "ქართული ოცნება" არ ეთანხმება ამ შეფასებებს, მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ევროპელები მხოლოდ ოპოზიციის ინფორმაციას ეყრდნობიან.
გაერთიანებული ოპოზციის პრეზიდენტობის კანდიდატს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მწვავე შეფასება არ გაჰკვირვებია. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ევროპამ ნახა, თუ რა მეთოდებით იბრძვის ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის. ვაშაძე ანგელა მერკელთან, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან და სხვა გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრების შემდეგ საქართველში დღეს დაბრუნდა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის კონგრესიდან დღეს დაბრუნდა, ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ადეკვატურად აღიქვამს. უგულავამ ის მთავარი გზავნილი გაიხსენა, რომელიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ჰქონდა, რომ სწორედ არჩევნებია ხელისუფლების შეცვლისა და გადაბარების ერთადერთი გზა.
მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებში ისევ ოპონენტების კვალს ხედავს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ევროპელი პოლიტიკოსები მხოლოდ ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობიან.