19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ოპერაციის დაფინანსება საარჩევნო ხმების მობილიზების სანაცვლოდ - "კურიერს" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მიმოწერა ხელში ჩაუვარდა

ჯანდაცვის სამინისტრო დიდი სკანდალში ეხვევა - ირკვევა, რომ არჩევნების წინ მძიმე ავადმყოფებს გადაუდებელ ოპერაციებს იმის მიხედვით უფინანსებენ, ვინ რამდენ ხმას მოუტანს სალომე ზურაბიშვილს.

კურიერს ხელში ჩაუვარდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას, მიმოწერა, სადაც ის სამინისტროს სპეციალურ კომისიას ავალებს, ზურაბიშვილსთვის საარჩევნო ხმების მობილიზების მიზნით, დააფინანსონ ბათუმელი მღვდლის შვილის გადაუდებელი ოპერაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის წევრებმა პაციენტების დაფინანსების საქმეების განხილვის დროს არ იციან იმ მოქალაქის გვარი და სახელი, ვის ბედსაც წყვეტენ. იმისთვის, რომ კომისიას მარტივად ამოეცნო პაციენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ sms შეტყობინებაში პაციენტის უნიკალური ნომერიც მიუთითა.

სკანდალური sms-ის ავტორი ასეთი შეტყობინების არსებობას ადასტურებს.

მაია ლაგვილავას თქმით, ბათუმელი პაციენტის შესახებ ინფორმაცია მას პირად ტელეფონზე გაუგზავნეს, თუმცა, უარყოფს, რომ თავად მინისტრის მოადგილემ კომისიის წევრებს პრეზიდენტობის კანდიდატის თხოვნის შესრულება ურჩია. გამოდის, რომ ჯერ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან ზურაბიშვილის სახელით გაუგზავნეს მესიჯი და შეატყობინეს, რომ ბავშვის დაფინანსება პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდებოდა.

ბავშვი, რომლის დაფინანსებასაც ქართული ოცნების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო ხმების სანაცვლოდ ითხოვს, ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარის, მამა გიორგი ძნელაძის შვილია. მას წლებია, ხერხემალი აქვს დაზიანებული და ეტლით გადაადგილდება.

ჯანდაცვის მინისტრმა sms-ის გაცნობის შემდეგ თქვა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა ფორმულირებით გააგზავნიან სამინისტროში დაფინანსების შესახებ თხოვნებს, რადგან განცხადებების განხილვის დროს პაციენტების სახელი და გვარი დაფარულია.

სპეციალური კომისია რომ პაციენტების დაფინანსებაზე ვინაობის გასაჯაროვების გარეშე მსჯელობს, ეს ცნობილია. თუმცა, სკანდალურ sms-ში მითითებულია არა ბავშვის სახელი და გვარი, არამედ განცხადების ნომერი.

Sms, რომელმაც, ერთი მხრივ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მომავალი, მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლების რაოდენობა უნდა განსაზღვროს, ოპოზიციისთვის იმის მტკიცებულებაა, თუ რა მეთოდებით იბრძვის წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება.

სატელეფონო შეტყობინების შინაარსის მიხედვით ირკვევა, რომ ბათუმელი პაციენტის დაფინანსების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამშაბათს უნდა ემსჯელა. კომისიის სხდომა უკვე ჩატარდა. 

დღის ამბები