შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსთაველის გამზირზე მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, შვილმოკლული მამები პასუხობენ. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ესკალაციის მზარდ საფრთხეში თავად ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, საპროტესტო აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
„დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, 11 თვეა გარეთ ვდგავართ, აქამდე მოვაწყობდით და არ დაველოდებოდით ამ ნაძირალა ხელისუფლებას ამ საქმეების გაყალბება-გამოყალბებაში და ჩვენი შვილის მკვლელები თავიანთ გზაზე იქნებოდნენ გაყენებული. საპატრულო პოლიციის უფროსმა რომ განაცხადა, რაღაც საშიში ნივთიერებები შეიძლება აღმოჩნდეს კარვებშიო, შეიძლება მაგის კაბინეტში ატომური ბომბი იდოს, წავიდეთ და დავაკავოთ მაშინ, შეიძლებაზე ავაგოთ ყველაფერი? შეიძლება გახარიას კაბინეტში დევს ბომბი, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას ქვეყანაში, გამორიცხავს ვინმე? როგორც თვითონ არ გამორიცხავენ, ასევე ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს. ასე რომ, ცოტა ტვინი დაატანონ და ისეთი განცხადებები გააკეთონ, ჩვენი შვილების მკვლელები პასუხისგებაში მისცენ და აქ თუ დაგვინახავენ, მერე ილაპარაკონ რაც უნდათ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ თუკი მათი შვილების მკვლელობებში დამნაშავეები დაისჯებიან, აქციებს შეწყვეტენ.
„მე და ბატონი ზაზა ვართ კბილებით ჩაჭიდებული, კანონით და კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ასეთი განცხადების გაკეთებას გახარიას და მის გუნდს ურჩევია, 2 ადამიანს ნუ ებრძვიან, რომლებიც სამართალს ითხოვენ და სამართლის დადგენას ცდილობენ,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.