პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მათი შვილების მკვლელობებში დამნაშავეები არ დაისჯებიან.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ პოლიციისგან კარვების სისტემატურ შემოწმება მოითხოვა, თუმცა ამ ეტაპზე სამართალდამცველებისგან უარი მიიღო.
ამ მოთხოვნით პოლიციელებს სარალიძემ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე მიმართა, რომლის მიხედვითაც, იყო საშიშროება კარავში "კანონსაწინააღმდეგო ნივთი" შეეტანათ. სწორედ ამ მიზეზით პოლიციამ აქციის მონაწილეებს ღამით კარვის გაშლის საშუალება არ მისცა.
ზაზა სარალიძე კრიმინალური პოლიციისგან პროვოკაციას არ გამორიცხავს.
„მივმართეთ პოლიციის წარმომადგენლებს, რომ ყოველ ორ საათში ჩვენს წარმომადგენელთან ერთად, პოლიციელებს დაეთვალიერებინათ თითოეული კარავი, ვიდეოც გადაეღოთ, რომ შემედგ არ ჰქონდა რამე პროვოკაციას ადგილი, მაგრამ პოლიციიდან, ფაქტობრივად, უარი მივიღეთ, როდესაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, მაშინ დაათვალიერებენ კარვებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ველოდოთ პროვოკაციას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებისგან,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შვილმოკლული მამების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაამტკიცეს, რომ მათ რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის სრული უფლება ჰქონდათ.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაამტკიცეს, რომ კანონით თურმე ჩვენ შეგვძლია დავდგათ კარავი და მოიტანეს კარვები და დადგეს. ეს მოხდა გუშინ. რაც აქამდე ჩვენ გვიწევდნენ წინააღმდეგობას და ყოველთვის ხდებოდა აქციების დარბევა კარავთან დაკავშირებით. გუშინ გაირკვა, რომ თურმე ჩვენ გვქონია მაგის უფლება, აქამდე, ორი თვის განმავლობაში სიცივეში, ქარ-ბუქში ვიყავით,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.