19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ძალიან ბევრი ადამიანი არის სამიზნე მსგავსი მუქარის თუ ინტერნეტ ბულინგის - ნინო ლომჯარია მუქარის შემცველ შეტყობინებებზე

„არის ძალიან დიდი აგრესია და შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში გამოგვეპაროს კიდევაც ის საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ ტიპის მუქარებს,“ - სახალხო დამცველი მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურად აქტიური ადამიანების მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა ხშირად ხდება, თუმცა, ადრესატები ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, რაც ლომჯარიას თქმით, უნდა შეიცვალოს.

ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ყურადღებისკენ და მსგავსი ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ძალიან სერიოზული პრობლემა არის იმიტომ, რომ არის ძალიან დიდი აგრესია და შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში გამოგვეპაროს კიდევაც ის საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ ტიპის მუქარებს. მაგალითად, ერთი შემთხვევა, რაც მეც შემიძლია გავიხსენო, ალბათ, კარგად გახსოვთ ცნობილი მოვლენები ვაკის პარკში, როდესაც, ფაქტობრივად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ ჩემი მისამართით და სხვათა შორის, ამოვიცანი სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ჩემ მიმართ ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და რეალურად, ქმნიდნენ ამ სიძულვილს ჩემი პიროვნების გარშემო. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის სამიზნე მსგავსი მუქარის თუ ინტერნეტ ბულინგის და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთხმად უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის დასასრულებელი და ასევე, მიმაჩნია, რომ შსს-მაც უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს ამ საკითხებს, მე არ დამეზარება, მივალ შსს-ში და ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც არის მუქარის ავტორი, უნდა გასცეს პასუხი საგამოძიებო ორგანოების კითხვებს,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა დღეს მისთვის გაგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინებები გაავრცელა. ომბუდსმენს კონკრეტული პირები sms შეტყობინებებში ლიკვიდაციით ემუქრებიან. 

ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დაინტერესდა. ნინო ლომჯარია უწყებაში გამოკითხვაზე 19:00 საათზეა დაბარებული. გამოკითხვის დასრულების შემდეგ უწყება გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა გამოძიება.

დღის ამბები