სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო შესაძლოა, ქართველი სამხედროები, ყოფილი პოლიტიკური ლიდერები და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ.
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, ისიც არასამთავრობო სექტორიდან.
საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ამ თემაზე მწვავე დისკუსია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მისვლა მოითხოვა. ოპოზიციას აინტერესებს, რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება ჰააგის სასამართლომ ქართული მხარე არ გაამტყუნოს.
„მე მომივიდა სარწმუნო წყაროებისგან ინფორმაცია, რომ ჩვენი ელჩი ჰააგაში არის სრულიად უმოქმედო, არ მონაწილეობს შეხვედრებში, რომელიც ტარდება მხარეებს შორის. ჩემი წინადადებაა, რომ ჩვენ უახლოეს დღეებში მოვიწვიოთ საგარეო კომიტეტის სხდომა, დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ზალკალიანი და ასევე იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი წულუკიანი,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. დეპუტატებს შორის მწვავე დებატები გაიმართა.
„თქვენ ცდილობთ, შეცვალოთ, დაამახინჯოთ სიმართლე და რეალობა, რაც არსებობს ჰააგის პროცესის გარშემო. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მტკიცებულებები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ეს არის ტყუილი, რომ იქ არ ჰყავს საქართველოს წარმომადგენელი... თქვენ პარტიის სამხედრო ორმა არ აცვია, თქვენ პარტიას სისხლიანი ხალათი აცვია, დაიმახსოვრეთ ეს“- მიმართა არჩილ თალაკვაძემ სალომე სამადაშვილს.
მმართველი გუნდის წარმომადგენელს კვლავ სალომე სამადაშვილმა მიმართა.
„თქვენი მინისტრი, ბატონი ზალკალიანი თვალცრემლიანი რომ დაემშვიდობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, იცვლება ქვეყნის საგარეო ორიენტაცია და რუსეთის ინტერესებზე ვერ ვიმუშავებო და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოვიდეს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა და მოგვიყვეს, რა ხდება ჰააგაში... წერა-კითხვა იცით? გეუბნებით, რომ კომიტეტის სხდომა მოიწვიეთ,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.