„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მეორე ტურის წინ სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ძალოვნები და სპეცსამსახურების ხელმძღვანელები იმ რეგიონებში ჩადიან, სადაც არჩევნების პირველი ტური სალომე ზურაბიშვილი წააგო.
ოპოზიცია სქემას ასაჯაროებს - აჭარა-ვახტანგ გომელაური, სამეგრელო-გიორგი გახარია, იმერეთი-სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, კახეთი-სოსო გოგაშვილი, შიდა ქართლი-შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და ქვემო ქართლი- ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი ლექსო დალაქიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაურიაჭარის მთავრობის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების მეორე ტური იყო, თუმცა რა ინფორმაცია გაცვალეს და რა დავალებები მიიღო ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნისგან ადგილობრივმა მთავრობამ, შეხვედრის მონაწილეებმა საიდუმლოდ დატოვეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები სუს-ის უფროსთან შეხვედრას დღეს უშედეგოდ ითხოვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ვახტანგ გომელაურს აჭარის მთავრობის შესასვლელთან ელოდებოდნენ, სადაც მობილიზებული იყო პოლიციაც. თუმცა სუს-ის უფროსმა შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან არ გამოჩენილა.
განმარტებების გაკეთება დღეს არ ისურვა არც აჭარის მთავრობის მოქმედმა თავმჯდომარემ. შეხვედრის სხვა მონაწილეებს არ დაუმალავთ, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის სტუმრობის ერთ-ერთი მიზეზი არჩევნები იყო.
”ქართული ოცნების” ლიდერები ირწმუნებიან, რომ არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩაატარებენ. ოპოზიციის აზრით კი, ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილის შედეგის გაუმჯობესებას გადაბირებითა და მოსყიდვით შეეცდება.