19 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"ცესკო "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით ცდილობს, მანიპულაცია მოახდინოს თარიღთან დაკავშირებით" - გიორგი ვაშაძე

„ცესკო ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ცდილობს, მანიპულაცია მოახდინოს თარიღთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ვაშაძის თქმით, არჩევნების შემდეგ 16 დღე გავიდა და ამ დრომდე უცნობია, როდის ჩატარდება მეორე ტური.

ვაშაძე ცესკო-ს ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას, მიმართავს და არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდებს.

„ცესკო ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ცდილობს, მანიპულაცია მოახდინოს თარიღთან დაკავშირებით. ხან გვეუბნებიან, რომ შუა კვირაში იქნება არჩევნები, სამუშაო დღეს, რომ საზღვარგარეთ ჩვენმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ ვერ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა,“ - ამბობს ვაშაძე.

ვაშაძე ამბობს, რომ ოცნება არჩევნების თარიღის დანიშვნის გაჭიანურებით დროის მოგებას ცდილობს, რათა ამომრჩეველზე ზეგავლენა მოახდინონ.

„ამ დრომდე არ ვიცით ცესკო-ს მხრიდან, როდის ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. უფრო მეტიც, ქართული ოცნების მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელოვნურად წელავენ საჩივრების პროცესს. ჩვენ, მაგალითად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოვიტანეთ ყველა საჩივარი და აღარ გავაგრძელეთ სააპელაციო დონეზე. ასევე, მაღალი სტატუსის და სანდოობის მქონე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც პირველ ინსტანციაში იდავეს სასამართლოში, შემდეგ უკვე სარჩელები აარ გაგრძელდა და რატომ? იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს დროულად მეორე ტური, რომელიც გამოავლენს, საბოლოო ჯამში, გამარჯვებულს, რაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იქნება გრიგოლ ვაშაძე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ვაშაძე ამბობს, რომ ასევე უცნობია ცესკო-ს სხდომის თარიღი, როდესაც შემაჯამებელი ოქმი დაიდება.

დღის ამბები