19 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
„მე არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობს ბატონი კახა, როდესაც ამას ამბობს" - ცქიტიშვილი კალაძის მიერ არჩევნების თარიღის დასახელებას ეხმაურება 

კახი კალაძის განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება.

დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამდე არჩევნების თარიღი, ივანიშვილის პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახი კალაძემ გამოაცხადა და თქვა, რომ მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. 

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, რაზე დაყრდნობით გააკეთა კახა კალაძემ მსგავსი შინაარსის განცხადება და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცესკოს გადაწვეტილებას ელოდება.  

„მე არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობს ბატონი კახა, როდესაც ამას ამბობს. ჩემთვის ეს უცნობია. მე პირადად არ ვიცი, მე ველოდები ცესკოს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, მას მერე გვექნება სრული ინფორმაცია, 28-ში, 29-ში თუ ნებისმიერ სხვა დღეს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

”ქართული ოცნების” წევრის თქმით, არ არსებობს არანაირი პოლიტიკური დაინტერესება თუ რომელ დღეს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

„მე მაგალითად, განსაკუთრებულ აზრს ვერ ვხედავ, რატომ უნდა გვაინტერესებდეს სხვადასხვა დღეს ჩატარება ამ არჩევნების და ყველა ის მიზეზი, რომელიც არის მოტანილი, მგონია არასწორი. იმიტომ რომ ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა დღეებში ჩატარებულა არჩევნები, ყოფილა შაბათი, ყოფილა კვირა, ყოფილა კვირის დღეები, რომელიც ცხადდება უქმე დღედ და შესაბამისად, ადამიანს ეძლევა თავისუფლად არჩევნებში თავისი ნების გამოხატვის საშუალება,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები