თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ განცხადება გააკეთა თბილისის ვიცე-მერმა. ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ წარდგენილი ფინანსური დოკუმენტი ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და ვარაუდობს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს კიდევ 50 მილიონი შეემატება.
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, 2019 წლის თბილისის ბიუჯეტი მინიმუმ 930 მილიონი ლარის იქნება. ვიცე-მერის თქმით, დედაქალაქის მერიაში ხელფასების ზრდა არ იგეგმება.
„ეს არის პირველადი ვარიანტი ბიუჯეტის, რომელშიც არ არის გათვალისწინებული ცენტრალური ბიუჯეტი და სპეციალური ტრანსფერი, რომელიც აუცილებლად იქნება გამოყოფილი და ამ თემაზე ჩვენ მოლაპარაკებები უწყვეტად გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან. უბრალოდ, მიზეზი არის ის, რომ ცენტრალური ბიუჯეტი არ არის ჯერ კიდევ დამტკიცებული და როგორც კი მოხდება დამტკიცება, სულ ცოტა დაახლოებით, 50 მილიონით კიდევ გაიზრდება თბილისის ბიუჯეტი. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ 2019 წლის თბილისის ბიუჯეტი იქნება მინიმუმ 930 მილიონზე. სახელფასო ბიუჯეტში საკმაოდ უმნიშვნელო ზრდაა, ეს გამოწვეულია იმით, რომ მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა, ზედამხედველობის სამსახური გადაკეთდა მუნიციპალური ინსპექციად, რესურსი, ფაქტიურად, ორჯერ გაიზარდა,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.