გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თბილისში კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ის სამგორში იმყოფებოდა და მოსახლეობას არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შედეგად ახალი კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა უარს იტყვის დაპირისპირებასა და შუღლზე და იზრუნებს ეკონომიკის განვითარებაზე, ხელფასის და პენსიის ზრდაზე, გადასახადის შემცირებაზე, კრედიტების ტვირთის შემსუბუქებასა და განათლების და ჯანდაცვის სფეროს რეფორმაზე.
„არ მოჭრილა იმდენი ფული, რომ საქართველოს მოქალაქე იყიდოს ვინმემ. ძალიან მადლობელი ვარ პირველ ტურში გამარჯვების გამო. რაც შეეხება მათ პრობლემებს, როგორც ყოველთვის საქართველოში, როგორც ყოველთვის ყველა დიდ ქალაქში, როგორც ყოველთვის რაიონებში. არც კინოთეატრია, არც კაფეა, არც მუსიკალური სკოლაა ბავშვებისთვის, არც სპორტული სკოლებია. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს ადამიანები გარიყულები არიან დანარჩენი თბილისის ცხოვრებიდან,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ 28 ნოემბერს ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს.
„ხალხს სურს, რომ 28 ნოემბერს გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, ხალხი იმედით არის განწყობილი და რაც მთავარია, შეხვედრები გამოირჩევა იმით, რომ არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი აქამდე არ ყოფილა ესე ახლოს ხალხთან,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.