შავი PR-ის და ყალბი ახალი ამბების მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის კომპანიაში ირიბად ადასტურებენ, რომ მათი წარმომადგენლები საქართველოში მმართველი პარტიის მოწვევით იმყოფებიან და წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებაზე" მუშაობენ.
ამასთან დაკავშირებით "კურიერს" ელექტრონული წერილი კომპანიამ გამოუგზავნა. კლუგჰაფტი ერთ-ერთი ძვირადღირებული PR სპეციალისტია. რამდენს იღებს საქართველოში ებრაელი სპეციალისტი, უცნობია. "ქართულ ოცნებას" ეს ხარჯები დოკუმენტებში გაწერილი არა აქვს და არც სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც არჩევნებზე ხუთი მილიონ ხუთასი ათასი უკვე დახარჯა. "ოცნების" ახალი იდეოლოგი მსოფლიოში შავი PR-ის გურუდ და აგრესიული კონკურენტის ნათლიმამადაა მიჩნეული. ის არჩევნების დროს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაზე რადიკალურ მეთოდებს იყენებს.
კლუგჰაფტის კომპანიასთან კავშირს არ უარყოფენ მმართველ გუნდშიც.
„სპეციალისტების მოწვევა ნორმალური ამბავია. მივესალმები გამოცდილი PR მენეჯერები არიან. პირადად საუბარი არ მქონია, მაგრამ ცნობილი ხალხია. შავი PR-ის ოსტატები არიან - ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ანტი პროპაგანდისთვის ითქვას ჩვენი ოპონენტების მხრიდან. დასამალი არაფერი არ არის, რამდენი იხარჯება, ვინ არიან ჩამოსული, ეს ღია ინფორმაციაა, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.