19 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ვალის განულების პროგრამა "ვივუსის" მომხმარებელს არ შეეხება - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალის განულებას ეხმაურება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მაჭავარიანმა აღნიშნა, ხელისუფლებამ 600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის ვალის განულების გადაწყვეტილება ფონდი „ქართუს“ დახმარებით მიიღო.

მინისტრის თქმით, ამ დავალიანებას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“ და ბიუჯეტიდან არაფრის გადახდა არ ხდება.

მინისტრის შეფასებით, მოსახლეობის მიერ ვალების დაგროვება უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ გამოიწვია.

„პრემიერ-მინისტრობისას ბახტაძემ არაერთხელ თქვა, რომ ამ პრობლემას უნდა მიხედვა. ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, თუ არა ფონდი “ქართუ”, რომელმაც სრულად გაიზიარა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც ყოველთვის დაუდგა გვერდში ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ბანკებთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა.

„ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები თავიანთ ამ უიმედო ვალების პორტფელს და აქ ხაზი უნდა გავუსვათ რასთან გვაქვს საქმე - ეს დაახლოებით, 600 ათასამდე ადამიანი, რომელიც მოხვედრილია შავ სიაში და ეს 600 ათასი არის შემდეგი კრიტერიუმით გამოყოფილი, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2 ათას ლარამდე. ეს ზუსტად ის მოწყვლადი კატეგორიაა,“ - განაცხადა მინისტრმა.

თუმცა, მინისტრის თქმით, ყველა საფინანსო კომპანია აღნიშნულ შეთავაზებას არ დასთანხმდა, მათ შორის, არის ონლაინსესხების კომპანია „ვივუსი“, რომელიც მის მომხმარებელს დავალიანებას არ გაუნულებს.

600 ათასზე მეტი მოქალაქის შავი სიიდან ამოწერასა და ვალების განულებასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ მამუკა ბახტაძის სპეციალური ბრიფინგის შემდეგ გახდა ცნობილი. პრემიერის თქმით, 31 დეკემბრამდე 600 000 ათასი მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც 2000 ლარამდე დავალიანება აქვთ და შავ სიაში არიან, ეს ვალი გაუნულდებათ. ვალების განულება 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 

დღის ამბები