ყალბი პირადობები არჩევნების მეორე ტურისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გახმაურებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებულ გაცხადებაში წერია, რომ გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
ყალბ პირადობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვალ, დღის პირველ ნახევარში, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხავენ.
„2018 წლის 20 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
საია-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის, განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.
საია-ის ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.