არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის განცხადება, რომ "ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლი არასწორი მეთოდიკით იყო ჩატარებული, პასუხისმგებლობისგან თავიდან აცილებაა.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ივანიშვილი, რომელიც საკუთარ მარცხზე პასუხისმგებლობას არ იღებს, ვერასოდეს აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაზე.
„ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა ეს პირველ ტურშიც ჩანდა. ის, როგორც მწვრთნელი ისე ლაპარაკობს თავის გუნდზე - მე გამოვწვრთნი, მე გავაკეთებ, ისევე როგორც თქვა, რომ ხელს მოვაჭრი ვინც გააყალბებს. თვითონ არის კანონმდებელი, თვითონ არის აღმსრულებელი, კვლევებსაც თვითონ უკვეთავს, მკვლევარებსაც თვითონ ირჩევს.
"ადამიანი, რომელიც ვერ საუბრობს საკუთარ შეცდომებზე, როცა გუნდის ლიდერი თვითონაა, ამას არცერთი უარყოფს "ქართული ოცნებიდან," რომ მათი ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, ასეთი ადამიანი არასოდეს აიღებს ქვეყანაზე პასუხისმგებლობას და ასეთი ადამიანის კანდიდატმა, რა თქმა უნდა, არ უნდა გაიმარჯვოს,"-ამბობს ხათუნა სამნიძე.