საკრებულოში სხდომა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა. კონკრეტულად, კი საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების რაოდენობა დედაქალაქის ბოუჯეტის პროექტის შენიშვნებზე კენჭისყრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ნახევარი საათის შემდეგ, ოპოზიციამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მათ უმრავლესობის დეპუტატები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს.
საკრებულოს ოპოზიციის წევრები აცხადებდნენ, რომ უმრავლესობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტი იმდენად უმნიშვნელოა, რომ 40 დეპუტატიდან 26-იც ვერ მოაგროვეს.
„დედაქალაქის მერი არის უპასუხისმგებლო და დედაქალაქის მერის ნაცვლად გონია, რომ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს დედაქალაქში და სალომე ზურაბიშვილს და 24 საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ სპიკერი გახდა. იგივე მდგომარეობაა უმრავლესობაში. რასაც აკეთებს მერი, იმას აკეთებს მისი უმრავლესობა. ახლა, უმრავლესობაში, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტს განვიხილავდეთ უკვე 30 წუთია და კონკრეტულ კითხვებზე პასუხს გვცემდნენ, ვხედავთ, რომ საკრებულოს უმრავლესობამ ქვორუმიც კი ვერ შეკრება,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.